კანის დაავადებები

აკნე / Acne

აკნე კანის მეტად აქტუალური პრობლემაა და რამდენიმე სახეობას მოიცავს. მათგან ყველაზე გავრცელებული ვულგარული აკნე ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელაა (Acne vulgaris), რომელიც ძირითადად პუბერტატულ პერიოდში (,,გარდატეხის ასაკში“) გვხვდება, თუმცა მოგვიანებით ასაკშიც შესაძლებელია მისი გამოვლენა. გამომდინარე იქიდან, რომ აკნეს განვითარების მექანიზმი უკავშირდება ცხიმოვან ჯირკვლებში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს, გამონაყარი ვლინდება კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე (სახე, გულმკერდი, ზურგი). ცხიმის მომატებული გამოყოფა, ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრის დახშობა და Propionibacterium acne აკნეს განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტებია. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონული დისბალანსი(ანდროგენების სიჭარბე) და გენეტიკური ფაქტორი. შექმნილი ხელსაყრელი პირობების გამო გამონაყარის კერებში ხშირად აღინიშნება როგორც ეპიდერმალური სტაფილოკოკის( Staphylococcus epidermidis) გააქტივება, ისე თანდართული ოქროსფერი სტაფილოკოკის ( Stapylococcus aureus) გამოვლენა. ვულგარული აკნეს ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელას დროს გამონაყარი ორი სახით ვლინდება: ანთებითი და არაანთებითი. არაანთებითი გამონაყარი ვიზუალიზდება ღია (შავი) და დახურული (თეთრი) კომედონებით. აკნეს ანთებითი გამონაყარი გამოიხატება პაპულებით, პუსტულებით, კისტებით. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს კონგლობირებული აკნე. მკურნალობა უნდა შეირჩეს კლინიკური სურათისა და სპეციფიური ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით. აკნეს მკურნალობა მოიცავს როგორც პერორალურ საშუალებებს, ასევე ადგილობრივ თერაპიასა და შესაბამის კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. ცხიმოვანი საკვები აკნეს არ იწვევს, თუმცა გარეგანად, ადგილობრივად ცხიმის ფუძეზე დამზადებული მალამოების გამოყენება მიუღებელია. ვულგარული აკნეს გარდა ხშირად გვხვდება ახალშობილთა აკნე (ვლინდება დაბადებიდან მე-3 - მე-5 თვეზე), სტეროიდული აკნე (ადგილობრივად სტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად) , ვარდისფერი აკნე(როზაცეა).