კანის დაავადებები

ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი

ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი არის წარმონაქმნი, რომელიც შედგება კანისა და მისი დანამატების კომპონენტებისგან. ეს პათოლოგია უკვე არსებობს დაბადებისას ან ვითარდება ბავშვთა ადრეულ ასაკში. ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი ძირითადად ლოკალიზებულია თავის თმიან არესა და სახის მიდამოში. კლინიკური სურათიდან გამომდინარე მისი შემჩნევა თავდაპირველადვე ხშირად რთულია და მხოლოდ მოგვიანებით, წარმონაქმნის განვითარებასთან ერთად ხდება დაფიქსირება. ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი დასაწყისში ვლინდება როგორც ხაზოვანი ან ოვალური, მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოყვითელი ფერის შემოფარგლული ბალთა, რომლის ზედაპირიც ხავერდოვანია. კერაში არ აღინიშნება თმების არსებობა. ასაკის მატებასთან ერთად ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსის კერაში მიმდინარეობს სტრუქტურულ-ჰისტოლოგიური ცვლილებები, რაც შეესაბამება ცხიმოვანი ჯირკვლების განვითარების ეტაპებს. პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის პერიოდისთვის იგი უკვე ჩამოყალიბებულია მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოყვითელი ფერის ვერუკოზული წარმონაქმნის სახით. ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსის დიაგნოსტიკაში პირველი ეტაპია ციფრული დერმატოსკოპია.