კანის დაავადებები

სებორეული კერატოზი Seborrheic Keratosis

სებორეული კერატოზი ფართოდ გავრცელებული კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. პაციენტების ყურადღებას იგი ხშირად იპყრობს როგორც კოსმეტიკური დეფექტი ან როგორც სიცოცხლისთვის საშიში ავთვისებიანი წარმონაქმნის იმიტატორი. სებორეული კერატოზი სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. იგი შესაძლოა ლოკალიზდეს კანის ნებისმიერ უბანზე, ხელისგულებისა და ფეხისგულების გარდა. სებორეული კერატოზი გამოირჩევა კლინიკური გამოვლინების მრავალფეროვნებით. ხშირია მრავლობითი ფორმები. წარმონაქმნის ფერი შესაძლოა იყოს მოვარდისფრო, მოყვითალო, ყავისფერი ან შავი. სებორეული კერატოზი ამოწეულია კანის დონიდან და მკვეთრად შემოსაზღვრულია. მისი ზედაპირი შესაძლოა იყოს გლუვი, ხავერდოვანი ან მეჭეჭოვანი. სებორეული კერატოზი წარმოადგენს ეპიდერმალურ წარმონაქმნს და ხშირად მისი ზედაპირი გარქოვანებულია, აღინიშნება სხვადასხვა ფერის ქერცლის არსებობა. სებორეული კერატოზის სადიაგნოსტიკო მეთოდია დერმატოსკოპია.